понедельник, 21 октября 2013 г.

შეხვედრა ექიმთა საზოგადოებასთან ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება
17 ოქტომბერს მარტვილის #1 საჯარო სკოლაში ინჩხურის, ბანძის, ხუნწის,  მარტვილის # 2 და მარტვილის #1 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ორგანიზებითა და ასოციაცია „ათინათის“ თანადგომით  შედგა შეხვედრა ექიმებთან თემაზე „სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი“. შეხვედრას ექიმთა საზოგადოებიდან ესწრებოდნენ: შპს“მკურნალის“ დირექტორი ტერენტი კვესელავა, პედიატრები; დავით ციკოლია და დარეჯან გაგუა, ენდოკრინოლოგი ნანა ედიბერიძე  და ექიმ-თერაპევტი მერაბ დანელია.
მოხდა იმ საჭიროებებისა და პრობლემების ანალიზი და დაფიქსირება, რაც არსებობს დღეს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებით.

ეს დღე დაემთხვა სურსათის საერთაშორისო დღეს. ამ მხრივაც ხაზი გაესვა სწორი, ჯანსაღი კვების აუცილებლობას.

შეხვედრა შევიდა კითხვა- პასუხის რეჟიმში., რაც მეტად საინტერესოდ წარიმართა. 






მარტვილის რესურსცენტრის ინიციატივით და მარტვილის #1, ხუნწის, ბანძის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მარტვილში ჩატარდა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ღვაწლმოსილი, უხუცესი პედაგოგები. ბევრი თბილი სიტყვა ითქვა მათ მიმართ.   მასწავლებლებს გადაეცათ საჩუქრად წიგნები ასოციაცია „ათინათისგან“ , მადლობის დიპლომები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობისგან, ასევე  დიპლომები მასწავლებლების პროფესიული კავშირისგან. ზოგიერთმა სკოლის დირექციამ თავად გაუკეთა სიმბოლური საჩუქრები თავიანთ მასწავლებლებს და ამით კიდევ ერთხელ მოეფერნენ მათ და ქედი მოიხარეს მათი ღვაწლის,  ამაგისა და ჭაღარის წინაშე.
საღამო გაალამაზეს მარტვილის კულტურის სახლის ცეკვის ანსამბლმა პაატა ბართიას ხელმძღვანელობით და სამუსიკო სკოლის ვაჟთა ანსამბლმა, რომელიც ღვაწლმოსილი, გამოცდილი პედაგოგის ალიოშა გაბეშიას დიდი შრომის ნაყოფია.
ყველა მასწავლებელს ვულოცავ მასწავლებლის დღეს, ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას.

სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ერთად ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს, ჩვენმა მოსწავლეებმა კი საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ.